2018 წელს „კრეარტივის“ ხელმძღვანელობამ დააფუძნა თეატრალური სკოლა–სახელოსნო CreARTive studio, სადაც ყველას, ვისაც მსახიობობის სურვილი აქვს, შეუძლია მოხვდეს სინთეზურ ფაკულტეტზე და შეისწავლოს თეატრალური მიმდინარეობები. როგორც მოლაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ამ ჟანრის თეატრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ერთადერთია.
— იდეაზე ფიქრი თეატრის ჩამოყალიბებამდე ერთი წლით ადრე დავიწყე, როდესაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დადგმები კეთდებოდა საქართველოში და საერთოდ ვეღარ ვხედავდი თეატრის ან მსახიობის განვითარებას. ყველა ამბობდა, რომ მე ვაკეთებ რაღაც ახალს, განსხვავებულს და ამ დროს მაინც ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლს დგამდნენ. ასევე უნდა გყოლოდა ნაცნობი, უნდა გქონოდა ფული ან თუნდაც უნდა გქონოდა „დიპლომი”, რომ ვინმე დაინტერესებულიყო შენით. აქედან გამომდინარე დავუკავშირდი ჩემ თეატრალ, მოცეკვავე მეგობრებს და გადავწყვიტე მათთვის გამენდო ეს იდეა. სტარტის აღება იყო საკმაოდ რთული, რადგან ასეთი იდეის განხორციელებას სჭირდებოდა დიდი თანხები, საქართველოში კი, სამწუხაროდ, ამ სფეროსთვის „ნაცნობის“ გარეშე ამხელა თანხებს ვერ იშოვი. ასე რომ, გადავწყვიტეთ ჩვენი სახსრებით შეგვექმნა ყველაფერი და დიდი დრო გაგვეტარებინა თეატრში იმ იდეის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვამოძრავებდა.
– რა მიმდინარეობებია გაერთიანებული თეატრში?
— თეატრში გაერთიანებულია აბსოლუტურად ყველა მიმდინარეობა, რაც თეატრის ისტორიას ახსოვს, ან იქმნება და ფუძნდება. ვმუშაობთ არასტანდარტულად, ყველანაირი ჩარჩო გვაქვს მოხსნილი, რათა უფრო დიდი გასაქანი ჰქონდეს ჩვენს იდეებს. ჩვენ თეატრში ერთიანდება დრამა, ქორეოგრაფია, პანტომიმა, ჩრდილები, ოპერეტა, თოჯინები და ა.შ.
– ვინ არიან ადამიანები, ვინც თეატრის გარშემო არიან გაერთიანებული?
— თეატრს შეადგენენ ახალგაზრდა პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები, მოცეკვავეები და ვოკალისტები, სცენარისტები, ქორეოგრაფები და რეპეტიტორები.
– რა გზა გაიარა თეატრმა, რომ აქამდე მოსულიყო?
— თეატრმა „კრეარტივმა“ ძალიან შრომატევადი გზა გაიარა, რადგან დასაწყისში მას სჭირდებოდა დიდი თანხები, ან თუნდაც უბრალოდ ნიჭიერი და კრეატიული ადამიანები. ჩვენ ძალიან ბევრს ვშრომობდით, გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრები, ვითხოვდით დახმარებას მთავრობის წევრებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ხელოვნების ან ნიჭიერი ადამიანების დაბალი შეფასების გამო თეატრს ხშირად ბევრი პრობლემა ექმნებოდა.
– რამდენი სპექტაკლი გაქვთ უკვე დადგმული?
— თეატრს ძირითადად აქვს საკუთარი სპეკტაკლები და ასევე აქვს ცნობილი პიესებიდან რამდენიმე დადგმა. ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 15-მდე სპექტაკლი დაიდგა და 30-მდე შოუ–პერფორმანსი მოეწყო.
– სულ ახლახან დააარსეთ თეატრალური სკოლა-სახელოსნო. როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი თქვენთან სწავლის, თანამშრომლობის?
— 2018 წელს ჩვენი მაყურებლის დიდი მოთხოვნით და სინთეზით დაინტერესებული პირების მოთხოვნით გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა თეატრალური სახელოსნო და შეესწავლა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი და მონდომება აქვს, სინთეზი და კრეატივი ჩვენ თეატრში. ჩვენ დავიწყეთ მეორე, ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია „თანამედროვეობა და კრეატივი თეატრში", რის ფარგლებშიც თბილისში მდებარე უნივერსიტეტებში ვკითხულობთ ლექციას, გვაქვს პერფორმანსი დანერგილი და შემდეგ დაინტერესებულ პირებს ვიწვევთ თეატრალურ სახელოსნოში გასაუბრებაზე. ჩვენ გვაქვს ოფიციალური ვებ-გვერდი www.theatrecreartive.com, ოფიციალური ფეისბუქ–მისამართი Modern synthetic theatre "Creartive", ასევე twitter, youtube, instagram და, რაც მთავარია, გვაქვს ოფიციალური ექაუნთი გუგლის სისტემაში, ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენი სახელი ჩაწეროს გუგლში და მიიღებს ბევრ ინფორმაციას.
– დაინტერესებული პირები რას ისწავლიან თქვენთან და რა პერსპექტივა ექნებათ მომავალში?
— ჩვენთან ისწავლიან თეატრალურ სინთეზს, მაგალითად, დრამას, ქორეოგრაფიას, პანტომიმას, ჩრდილებს, თოჯინებს, თითების მოძრაობას, მსახიობის ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და ა.შ.
– ამ ეტაპზე რა სპექტაკლზე მუშაობთ და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
— ჩვენი თეატრის მთავარი სინთეზური დასი ლონდონში იმყოფებოდა 13-17 მარტს გამართულ ფესტივალზე, საიდანაც შვიდი ჯილდო ჩამოიტანეს. ერთი – წლის კრეატივში, ოთხი – საუკეთესო შესრულება, ერთი – საუკეთესო დადგმა, ერთიც – ნიჭიერი რეჟისორი. სპექტაკლებს წინასწარ არ ვახმაურებთ ხოლმე და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მაისის თვეში უკვე „კრეარტივ სტუდიოს“ ერთ-ერთი ფილიალი, კონკრეტულად მარჯანიშვილის ფილიალი მიემგზავრება ეგვიპტეში.
სულ ახლახან გავაკეთეთ პერფორმანსი თბილისის მეტროში. ეს იყო ამონარიდი ჩვენი ახალი სპექტაკლიდან. გადავწყვიტეთ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ჩვენი სიტყვა გვეთქვა და მათ საფლავებიდან ელაპარაკათ ისეთი ტექსტი, რომელიც ბიბლიიდან იყო და შემზარავად ჟღერდა. სამწუხაროდ, ხალხს სექტა ეგონა, რადგან ბევრს არ აქვს აშკარად ბიბლია წაკითხული და რატომღაც ეგონათ, რომ რაიმე ახალ რელიგიას მიეკუთვნებოდნენ. ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიღო ვიდეოც და ბევრი ნახვებიც აქვს ამ ვიდეოებს.
ჩვენ ძირითადად უცხოეთში გვაქვს გამოსვლები, რადგან მეტი დაინტერესებაცაა და უფრო მეტადაც აფასებენ ნიჭიერ ადამიანებს.