თბილისში 10 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

სექტემბერში დედაქალაქში 180-ზე მეტი საბავშვო ბაღი იმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. თბილისის მასშტაბით 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, მაგრამ სექტემბრისთვის უკვე 10 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის საკრებულოს გაწეული სამთვიანი მუშაობის შესახებ დეტალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში აღნიშნულია ყველა ის ახალი პროექტი, რომელთა განხორციელებას სააგენტო უკვე შეუდგა, ან უახლოეს პერიოდში შეუდგება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების აღრიცხვა ელექტრონულად მოხდება

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა უსაფრთხოებაა. ეს არის მულტისექტორული თემა, რომელიც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა შენობების ინფრასტრუქტურული, კონსტრუქციული მდგრადობა, „ყაზტრანსგაზის" მოთხოვნების დაკმაყოფილება, სახანძრო უსაფრთხოება, სათამაშო მოედნების უსაფრთხოება, ვიდეომონიტორინგის გაძლიერება და ჰიგიენისა და კვების კუთხით მონიტორინგის გააქტიურება", — განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

გვანცელაძის თქმით, სააგენტომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზებთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ სასწავლო და ინდივიდუალურ გეგმებს შეიმუშავებს.

ამჟამად თბილისში 171 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებშიც 61,5 ათასი აღსაზრდელი სწავლობს.