ქართული ენა ყარსის უნივერსიტეტში – რა გარეგნული ნიშნით გამოარჩევენ თურქეთელ ქართველებს

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თურქეთში მცხოვრებ ქართველ პროფესორს თამარ ხვედელიანს გაგაცნობთ.
Sputnik

ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართველი პროფესორი უკვე მეხუთე წელია, რაც თურქეთის ქალაქ ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილების თანამშრომელია და მსურველებს ქართულს ასწავლის. ის ხუთი წიგნის ავტორი და თანაავტორია, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. საქართველოში ლიტერატურის ინსტიტუტის „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში საქმიანობდა. შემდეგ ამავე ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი გახდა. საქართველოში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, კოლეჯებსა და ლიცეუმებში კითხულობდა ლექციებს. ქალბატონ თამარს თურქეთში, ქალაქ ყარსში დავუკავშირდით.

თამარ ხვედელიანი

სტუდენტობის ბედნიერი წლები და გამორჩეული ლექტორები

— ჩემი სტუდენტობის წლები ისეთ შორეულ  წარსულში დარჩა, რომ ძნელია რამე მოვიგონო, თუმცა არის რაღაც, რაც არასოდეს დამავიწყდება და გახუნდება. მარტო ის რად ღირს, რომ მოსმენილი  მაქვს ალექსანდრე ბარამიძის, ლევან მენაბდის და რევაზ სირაძის ლექციები, რომლებიც პროფესიონალების გარდა, ღირსეული ადამიანებიც  იყვნენ. მათ „სიმაღლეს“ ჩვენც ადვილად ვწვდებოდით და ეს მათ თავად დაუშვეს, ამიტომ იყო მათთან ურთიერთობა ბედნიერება. პატარა ღლაპებს თავს მნიშვნელოვან პერსონად გვაგრძნობინებდნენ.

ქართული ენის დღე ყარსის უნივერსიტეტში

ყველაზე უჩვეულო ლექცია ღია ცის ქვეშ

— ყველა ლექცია დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი, რომელიც ვარძიაში გვქონდა. ბატონმა ჯემალ აფციაურმა, ძველი ქართული ლიტერატურის პედაგოგმა, ყველა სტუდენტის  მეგობარმა და გულშემატკივარმა ეს დღესასწაული მისი გამოცდის წინ მოგვიწყო. ერთი კი შევბედეთ, რაღა ამ გაგანია სესიების დროსო, მაგრამ მან სიტყვა გაგვაწყვეტინა და გვითხრა – თუ სწავლობდით, გამეორება დიდ დროს არ წაიღებს, ვარძია კი ჩვენი მიწის ერთ-ერთი სამკაულია და მისი ნახვა ყველას წაგადგებათო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ცხოვრების უმშვენიერესი დღეები იყო. სულ ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვიარეთ ვარძია, ასეთი დაუვიწყარი ლექცია არასოდეს გვქონია. ბატონი ჯემალი საინტერესო მოსაუბრე იყო, მაგრამ ვარძიაში, მგონი, საკუთარ თავსაც აჯობა…

თამარ ხვედელიანი კოლეგებთან ერთად

ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება ყარსის უნივერსიტეტში

— ყარსში 2013 წლიდან ვარ, სადაც მუშაობა კავკასიის უნივერსიტეტში გავაგრძელე. 2006 წელს პირველად სწორედ ამ ქალაქში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. ამჟამად მსგავსი განყოფილება ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს. საკმაოდ  რთული აღმოჩნდა ახალ გარემოსთან შეგუება, რადგან თურქოლოგი არ ვარ და ენა არ ვიცოდი. მადლიერი  ვარ ჩემი სტუდენტების, რომლებიც არა მხოლოდ ღიმილის გარეშე ისმენდნენ შეცდომებით სავსე ჩემ საბრალო თურქულს, არამედ ცდილობდნენ დამხმარებოდნენ და ჩემთვის ესწავლებინათ.

თამარ ხვედელიანი თურქეთში მოღვაწე ისტორიული ქართველი მწერლების შემოქმედებითაც დაინტერესდა და ამასთან დაკავშირებით პუბლიკაციებიც გამოაქვეყნა. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, აქედან ერთი 2017 წლის მაისში  ჩატარდა და შოთა რუსთაველის იუბილეს მიეძღვნა.  მეორე იყო სტამბულში ჩატარებული სიმპოზიუმი, რომელიც მუჰაჯირთა იძულებით გადასახლების 140 წლისთავს ეძღვნებოდა.

თამარ ხვედელიანის თურქეთელი სტუდენტები ქართული ენის გაკვეთილზე უყურებენ ფილმს "იანვანამ რა ჰქმნა?"

– ქალბატონო თამარ, ქართული წარმომავლობის თურქეთელები თუ არიან თქვენ სტუდენტებს შორის?

— სამწუხაროდ, ჩვენი მხარე ისტორიული ქართველებით არ არის დასახლებული, მაგრამ ორი  გოგონა მაინც ვიპოვეთ, რომელთა წინაპრები ქართულ მიწასთან არიან დაკავშირებული. ეს „ნაპოვნი“ გოგონები ჩემი სტუდენტები არიან. ერთ-ერთი  მათგანი, ბუშრა აიდინი, წარმოშობით ართვინელია. მან კითხვაზე, რატომ გინდა ქართული ენის სწავლა? ქართულ-თურქულად ასე დამიწერა (ტექსტი ჩასწორებულია): „მე ართვინიდან ვარ… ჩემი  წინაპრები ქართველები იყვნენ — მუჰაჯირები, რომლებიც ართვინში საქართველოდან ჩამოვიდნენ. მათ სამშობლოს სიყვარულით, მონატრებითა და დარდით სავსე გულები ჩამოიტანეს… ჩემი ბებია და ბაბუა ახლაც ქართულად ლაპარაკობენ, მაგრამ წერა და კითხვა არ იციან. ამიტომ ვიფიქრე, რომ მესწავლა  წინაპრების ენა… ღმერთმა ქნას, მომავალში პატარებს  ვასწავლო ქართული და გადავცე ის განცდა, რაც ჩემს  გულში დაიბადა“. მიხარია მათ მიერ სწორად წარმოთქმული თითოეული სიტყვა, აზრიანად გამართული ყოველი წინადადება, ადვილი  წარმოსადგენია, რასაც ვიგრძნობდი ამის მოსმენისას. მეორე გოგონაც ართვინელია, ზეინაბ აქთაში, თუმცა  ქართველ წინაპრებზე ბევრი არაფერი იცის, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ჰგავს ქართველს, საყვარელი და  წითელლოყებაა, სულ იღიმება და ფისოსავით გეფერება…

თამარ ხვედელიანი ყარსის უნივერსიტეტში შეხვედრის დროს

– რას ამბობენ თურქეთში ქართულ ენაზე?

— თურქეთში ქართულ ანბანზე ისეთი სიტყვები  მესმის, რომ მიხარია. მაგალითად: „როცა ქართული  ანბანი ინტერნეტში ვნახე, პირველად ლამაზი ნაქარგი  მეგონა. მერე აღმოვაჩინე, რომ ქართული ასოები  ძალიან ჰგავს გულს (ო; რ; ღ; უ; ლ…) ვიფიქრე,  ალბათ ამიტომ არიან ქართველები სიყვარულით  სავსე…“

ერთხელ გავიგე: „როცა პირველად ქართული ლაპარაკი გავიგონე, ვიფიქრე, ლაპარაკობენ თუ მღერიან–მეთქი? ქართული ენა ლამაზ სიმღერას ჰგავს. ამ ენის სიტყვები თითქოს გეფერება და „გენაცვალეს“ გეუბნება…“

კიდევ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ერთხელ ვიღაცაზე მითხრეს, ქართველი წინაპრები ჰყავდაო.  ვკითხე, საიდან იცით–მეთქი და – თვალებზე არ ეტყობაო? ვერ მივხვდი, მაგრამ მერე ასე ამიხსნეს: აქ ყველამ იცის, რომ ქართველებს სხვანაირი თვალები  აქვთ, მათ თვალებში ყველაფერია – სიხარული,  დარდი, ბედნიერება, მწუხარება, სითბო, ტკივილი,  მეგობრობა. ასეთი „მდიდარი“ თვალები სამყაროში არავის აქვსო…

დედა ენა თამარ ხვედელიანის თანაავტორობით

– უცხოეთში ცხოვრებამ რა შეცვალა თქვენში და რაიმე ახალი პროექტის იდეა ხომ არ გაგიჩნდათ?

— უცხოეთში ცხოვრებამ ჩემი ინტერესის სფერო გააფართოვა და ახალი თემებისადმი ინტერესი გამიჩინა. აქამდე თუ მარტო ქართულ ლიტერატურაზე ვფიქრობდი, ახლა თურქულ-ქართულ  ურთიერთობებზე ფიქრიც დავიწყე. ჩემთვის მოვნიშნე რამდენიმე საინტერესო პროექტი, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ მონახაზია და ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩამოყალიბებული არ ვარ. მე მგონი, ამ სიტუაციაში ტყუილად არ აღმოვჩნდი. მენატრება ჩემი სახლი, მეგობრები, ოჯახი, ჩემი საქმე, მწერლების შემოქმედებაზე საუბარი და მსჯელობა. რაც მთავარია, ჩემი ახალგაზრდობა მენატრება, რომელმაც ლამაზ, მწვანე, სიყვარულით სავსე თბილისში ჩაიარა, ჩაიარა და გაქრა…