თურქული მხარე: „სარფის" საბაჟო იკეტება

თურქეთის მხარე კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას გეგმავს, რის გამოც მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით შეჩერებული იქნება
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველო–თურქეთის საზღვარზე „სარფის" საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე 22 მარტს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება შეიზღუდება, ნათქვამია თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზღვარზე მიმოსვლის შეჩერება თურქეთის მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტის კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანას უკავშირდება, რის გამოც 22 მარტს 12 საათის განმავლობაში მგზავრთა მომსახურება შეუძლებელი იქნება. ასევე, „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

საქართველო–თურქეთის საზღვარზე საბაჟო შეფერხებებით მუშაობს

„დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული. თურქეთის მოქალაქეებსა და ქართველ მეგობრებს მადლობას ვუხდით გაგებისთვის", — ნათქვამია ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპიუტერული სისტემის გათიშვის გამო, სარფის საბაჟო, ორმხრივად, 7 მარტსაც დაიკეტა. თურქული მხარე, სისტემის გათიშვის შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა მოქალაქეების გადამოწმებას და საზღვარზე გატარებას.

მსგავსი რამ საქართველო–თურქეთის საზღვარზე ერთი წლის წინაც მოხდა – 2017 წლის სექტემბერში. საბაჟო პროცედურები საკონტროლო პუნქტზე სარეკონსტრუქციო–სამშენებლო სამუშაოების გამო შეფერხებებით მიმდინარეობდა, რამაც თურქულ მხარეზე ავტომობილების დიდი რიგი გამოიწვია.