ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსასვენების მიზნით ერგნეთში "წითელი ჯვარი" შევიდა - ვიდეოკადრები

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას წუთი-წუთზე ელოდებიან
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ერგნეთის საგუშაგოზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უნდა მოხდეს, „წითელი ჯვრის" ავტომობილები შევიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სოფელ ერგნეთის ე.წ. საზღვართან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას დღეს დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვართან ნეიტრალური ტერიტორია ავტომობილებმა რამდენიმე წუთის წინ გადაკვეთა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწორედ ამ ორგანიზაციის ავტომობილების საშუალებით უნდა მოხდეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი შესაძლოა დღეს საღამოს ოჯახს გადასცენ

ერგნეთში იმყოფებიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი არხის ინფორმაციით, ცხედართან ერთად ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაც გადაეცემა.

არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად დააკავეს. 23 თებერვალს ცნობილი გახდა მისი დაღუპვის შესახებ.  ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ  თითქოსდა ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.