საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო

საქართველომ გაზარდა ღვინის, მინერალური წყლების, ფეროშენადნობების, სამკურნალო საშუალებებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტი.
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-თებერვალში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა დაახლოებით 791 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 47%-ია, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

რას ყიდის საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვა.

საქართველოს კომერციული ატაშე ექვს ქვეყანაში ეყოლება

ექსპორტმა 2018 წლის ორ თვეში დაახლოებით 446,4 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემზე 25,5%-ით მეტია.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 30,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 28,6%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 96,6%-ით, აზოტის სასუქის — 65%-ით; ამავე დროს, შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი 7%-ით, სამკურნალო საშუალებების — 13,2%-ით.

რას ყიდულობს საქართველო

წლის დასაწყისიდან გაიზარდა იმპორტი — 2018 წლის იანვარ-თებერვალში პროდუქციის იმპორტის მოცულობა 13,3%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვა.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2018 წლის ორ თვეში გაიზარდა 4,3%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 55%-ით, გამომთვლელი მანქანების — 173%-ით, სატელეფონო აპარატების — 14%-ით.

რომელ ქვეყნებში უყვართ ქართული ღვინო

ამავე დროს 2018 წლის იანვარ-თებერვალში სამკურნალო საშუალებების იმპორტი შემცირდა 44%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების — 7%-ით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2018 წლის დასაწყისიდან რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან ბრუნვამ 623,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 37%-ზე მეტს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წლის პირველ ორ თვეში დაახლოებით 242,8 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,4%-ია; საგარეო ბრუნვამ რუსეთთან ამავე პერიოდში — დაახლოებით 199 მლნ დოლარი, მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,8%; აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 182,2 მლნ დოლარი, მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,8%.

საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (127,4 მლნ დოლარი), სომხეთთან (88 მლნ დოლარი), უკრაინასთან (85), აშშ-თან (35,1), გერმანიასთან (66,7), რუმინეთთან (46,8).

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2018 წლის იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 446,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 10,8%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 26,5%-ია.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.