„როსია 1" საქართველოში ტურიზმის რეკლამისთვის 1,1 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განმარტა, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი რუსულ არხზე
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსულ ტელეარხ „როსია 1"-ს საქართველოს ტურიზმის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების ტრანსლირებისთვის 1,1 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა

საქართველოში ტურიზმის შესახებ ვიდეორგოლები რუსულ ტელეარხზე აპრილში გამოჩნდება და ერთი თვის განმავლობაში იტრიალებს.

„ჩვენი ამოცანა და ამ არხის არჩევანი ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარეა. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება სარეკლამო ვიდეორგოლების გაშვების რაოდენობა და ფასები. შესაბამისად, ჩვეულებრივი კონკურსის პირობების საფუძველზე ამ წინადადებამ გაიმარჯვა", — განაცხადა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანიის ეთერში.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ტელეარხის შერჩევის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი იყო საკონკურსო პირობები და არა რუსეთის ფაქტორი და მისი მთავარი ტელეარხი.

ტურიზმის განვითარება — საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში ამ სფეროდან ქვეყნის ეკონომიკაში 2,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შევიდა.

საქართველოში ტურიზმი წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს ქვეყანას 7,5 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, რაც 18%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

2018 წელს ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს ხელისუფლება 52,1 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.