ბურჯანაძემ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ნინო ბურჯანაძემ სასამართლოში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არასდროს უარყოფდა, რომ 2007 წელს საპროტესტო აქციების დარბევა მისი ორგანიზებული იყო
Sputnik

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარი აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ (Imedi) შეჭრის ორგანიზებაში დაადანაშაულა, იუწყება ტელერახი.

2007 წლის 7 ნოემბერს შსს-ს ძალებმა გაერთიანებული ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, შედეგად დაშავდა 500 ადამიანი, მათ შორის ძალოვანებიც. დარბევის დროს გამოიყენეს წყლის ჭავლები, ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები. იმავე დღეს შეწყვიტა მაუწყებლობა ტელეკომპანია „იმედმა“, მას შემდეგ, რაც იქ სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა.

რვა ნოემბრის ღამეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილს

ბურჯანაძემ, რომელიც 2007 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცა ჩვენება საქმეზე, რომელიც ეხება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორ ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. 

„სააკაშვილს არც არასდროს უარყვია ჩემთან საუბარში და გუნდთან საუბარში, რომ [დარბევა] მისი ორგანიზებული იყო. მას ეშინოდა, რადგან ტელეკომპანია „იმედი“ უკვე მართლა ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო და ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა“, — განაცხადა ბურჯანაძემ სასამართლოში.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანიის მფლობელთან, მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილთან და არხის ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

„ძირითადად გივი თარგამაძე და გიგი უგულავა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ჟურნალისტებთან და მათ ფულს სთავაზობდნენ“, — განაცხადა ბურჯანაძემ.

მან აღნიშნა, რომ სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის გაშუქების შემდეგ.

ბურჯანაძე: ყველაფერს ივანიშვილის ფული გადაწყვეტს

„ამის შემდეგ გამოითქვა ამოსაზრება, რომ პატარკაციშვილს ეს არ უნდა ეპატიოს. უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებზე არ მისულიყვნენ. რაც შეეხება აქციის დარბევას, ეს იყო კატასტროფული შეცდომა“, — ხაზგასმით აღნიშნა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე 2007 წელს სააკაშვილის გუნდის წევრი იყო. 7 ნოემბრის მოვლენებიდან ორი დღის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან აქციის მონაწილეების ქმედებებს მან ხელისუფლების შანტაჟის მცდელობა და გარკვეული ძალების მიერ ქვეყნის განვითარებისთვის ხელშეშლის მცდელობა უწოდა.

მმართველი გუნდი ბურჯანაძემ 2008 წელს სააკაშვილთან უთანხმოების გამო დატოვა, შემდეგ მან შექმნა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“. 2011 წელს ბურჯანაძე სხვა ოპოზიციონერებთან ერთად თბილისის ცენტრში ატარებდა საპროტესტო აქციებს, რომელიც სასტიკი დარბევით დასრულდა.