თბილისი, 19 მარტი — Sputnik. „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) ყაზახურ მედიაზე დაყრდნობით.
შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ 2006 წელს სს „ყაზტრანსგაზის“ მიერ შეიქმნა, როცა „ყაზტრანსგაზმა“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2005 წლის 26 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს თბილისისა და მისი შემოგარენის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ. თბილისელებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 46,153 თეთრია (დღგ-ის გათვალისწინებით).
ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ „ყაზტრანსგაზმა“ ყაზახეთის საფონდო ბირჟას აცნობა.
2017 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (LCIA) „ყაზტრანსგაზმა“ სარჩელი შეიტანა თავისი შვილობილი კომპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისისთვის“ 130 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც კომპანიამ ქვეყანაში დააბანდა და აგრეთვე 50 მილიონი აშშ დოლარი ზარალის კომპენსაციის სახით მოითხოვა.
2006 —2009 წლებში სს „ყაზტრანსგაზმა“ საერთო ჯამში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განვითარებისათვის 130 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის მარტიდან, მსხვილ საკრედიტორო დავალიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის – სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ —თბილისში“ სპეციალური მმართველი დაინიშნა. იმ დროისათვის შპს „ყაზტრანგაზ —თბილისის“ საკრედიტორო დავალიანება 80 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 68 მილიონი ლარი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინაშე არსებული დავალიანება იყო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, მას დასაქმებული ჰყავს 4000-მდე თანამშრომელი. GIG–ის უდიდეს კომპანიებს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ), შპს „მტკვარი ენერჯი“, შპს „საქნახშირი“, შპს „სიპაუერი“, შპს „ტიფლისი სითი“, შპს „გლობალტრანსი“.