საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხალისეთა სისტემა შეიქმნება

მოხალისეებს ყველა ის სოციალური გარანტია ექნებათ, რაც მეხანძრე-მაშველებისთვის არსებობს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. მოხალისეთა ინსტიტუტი პირველ ეტაპზე შეიქმნება იმ რეგიონებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს და სახანძრო-სამაშველო ჯგუფებსაც შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გარკვეული დრო სჭირდებათ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

2017 წლის ზაფხულში დაფიქსირებული ბუნებრივი კატასტროფებისა და ხანძრების შემდეგ ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კუთხით რეფორმები დააანონსა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2018 წლის იანვარში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ბაზაზე შეიქმნა. ახალი სტრუქტურა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია და მას გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიმდინარე წელს გაუმჯობესდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიები და სისტემა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მოხალისეთა ინსტიტუტები პირველ რიგში იმ რეგიონებში განვითარდება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროება დგას.

„მოხალისეებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს აბასთუმნის ხანძრის დროს, ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ ამ კუთხით", – განაცხადა ხუციშვილმა.

აღნიშნულ რეგიონებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შეიქმნება სპეციალური ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო კომპლექსები, ინტერნეტის გამოყენებისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები როგორც მოხალისეებისთვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისთვის.

ხუციშვილის განცხადებით, იგეგმება მოხალისეების გადამზადება, რომლებსაც მიეცემათ სათანადო აღჭურვილობა. ასევე შეიქმნება სხვადასხვა მიზნობრივი პროექტები მოხალისეებისთვის საჭირო უნარების გამოსამუშავებლად.

გარდა ამისა, მოხალისეებისთვის დადგენილი იქნება სოციალური გარანტიები. კერძოდ, ღონისძიებაში ჩართული მოხალისის დაშავების დროს მასზე გავრცელდება ყველა ის გარანტია, რას არსებობს მეხანძრე-მაშველისთვის.

მოხალისეთა ინსტიტუტის განვითარება საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის ჩართულობით მოხდება.