რატომ კეტავენ კუს ტბის საბაგიროს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცნობით, საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო 20 მარტს მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს მუშაობის შეჩერების მიზეზი გეგმური ტექნიკური შემოწმებისა და ინსპექტირების პროცესია.

მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს საბაგირო გზა დააკავშირებს

საბაგირო მუშაობას 21 მარტს, 08:00 საათიდან განაახლებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.

კუს ტბის განახლებული საბაგირო 2016 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან ერთად მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, გარემონტდა გონდოლები. ასევე, სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე. საბაგირო გზა მგზავრებს ორი გონდოლით, 7–8 წუთის ინტერვალით ემსახურება.

ამჟამად თბილისში ორი საბაგირო გზა ფუნქციონირებს — რიყე–ნარიყალასი და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბამდე.