რა ღირს პარლამენტში სხვისი პულტით სარგებლობა

რეგლამენტში ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის ის წევრიც დაჯარიმდება, რომელიც სხვისი პულტით ისარგებლებს.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მოქმედი პარლამენტის რეგლამენტით, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება და მისი სახელით მიღებულია კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში მონაწილეობა, მას ხელფასის 20% პროცენტი უკავდება.

„შატალისტ“ დეპუტატებს სანქციები ემუქრება

პარლამენტში უახლოეს მომავალში განიხილება რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს სხდომებზე დასწრების გაუმჯობესებას.

ცვლილებების მიხედვით, ხელფასის 20% პარლამენტის იმ წევრსაც დაუკავდება, რომელიც სხვისი პულტით ისარგებლებს და სხვის ნაცვლად კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

„უახლოეს მომავალში განვიხილავთ რეგლამენტში ცვლილებებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი მუშაობდეს შეუფერხებლად და შესაბამისად იქნება მიღებული რეგლამენტში ცვლილებები იმისთვის, რათა გაუმჯობესდეს მდგომარეობა სხდომაზე დასწრების თვალსაზრისით“, — განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც დეპუტატები კოლეგის დახმარების მიზნით მისი პულტით სარგებლობდნენ და კოლეგის ნაცვლად ხმას აძლევდნენ.