„გირჩის“ წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს რელიგიური გაერთიანება „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია — „ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს მღვდელმსახურის წოდებას ანიჭებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ითხოვენ ახალგაზრდები შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ 30-ე მუხლის „ლ" ქვეპუნქტის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
„ჩვენ რელიგიური გაერთიანებაში უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, მათი ასაკი ძირითადად 18-დან 27 წლამდეა; ყველა მათგანს მღვდელმსახურის წოდება აქვს, რათა მათ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ შეეხოთ“, — უთხრა „ბიბლიური თავისუფლების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მისმა ეპისკოპოსმა ლევან ჯგერენაიამ „Sputnik—საქართველოს”.
მღვდელმსახურის მოწმობაში წვევამდელები 20 ლარს იხდიან, თუმცა, ლევან ჯგერენაიას თქმით, ეს ნებაყოფლობითი შემოწირულობაა. „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაერთიანება ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც „თავისუფლება სწამს“ და არა აქვს მნიშვნელობა, ის მართლმადიდებელია, კათოლიკე თუ მუსლიმი.
„თავისუფლების რწმენა“ იმას გულისხმობს, რომ ადამიანის სხეული არის მისი საკუთრება და როგორც მოესურვება ისე უნდა განკარგოს. სავალდებულო სამხედრო სამსახური ესეც ერთგვარი თავისუფლების შეზღუდვაა. სახელმწიფოს მიჰყავს ადამიანები მათი ნების წინააღმდეგ, ამუშავებს მათ უფასო მუშახელად და ამას არანაირი შეხება არა აქვს თავდაცვასთან“, — აცხადებს ჯგერენაია.
მათ, ვისაც სამხედრო სამსახურის გავლა გარკვეული მიზეზით არ სურს, საქართველოს კანონმდებლობა არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისი კანონი 1997 წელს მიიღეს და ამჟამად ქვეყნის წინაშე ვალდებულებას ამ ფორმით 500-მდე მოქალაქე იხდის.
„ამ შესაძლებლობას იყენებენ ძირითადად პაციფისტები, ან ის ადამიანები, რომლებსაც რელიგია უკრძალავს იარაღის დაჭერას. ჩვენ კი უარვყოფთ მთლიანად სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯარი საკონტრაქტო უნდა იყოს და ვისაც სურს ქვეყანას ემსახუროს, მას ამაში ხელფასსაც უნდა უხდიდნენ“, – აღნიშნავს ჯგერენაია.
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით მოქმედი კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წელს შეიტანა.
თუმცა „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს კანონში ამ მუხლის არსებობა არ აშინებთ, რადგან არც მათი მოწმობებია ყალბი და არც მღვდელმსახურის განმარტებაა კანონმდებლობაში მოცემული.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას კოორდინირებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ — გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება, ხოლო წვევამდელთა საერთო რაოდენობა წელიწადში 9 ათასამდეა.
სამინისტროს ინფორმაციით, „ბიბლიური თავისუფლების“ მიერ გაცემული მღვდელმსახურის ცნობის საფუძველზე გაწვევა შარშანდელი გაზაფხულიდან დღემდე 2000-მდე ახალგაზრდას გადაუვადდა. ამ რაოდენობიდან 1 100 თბილისზე, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის.
„იყო შემთხვევებიც, როდესაც „გირჩის“ მოწმობებით მოსულმა მღვდელმსახურებმა უარი თქვეს გადავადებაზე და წავიდნენ ზოგი ჯარში და ზოგიც კიდევ ალტერნატიულ სამსახურში და საჯაროდ დახიეს „გირჩის“ მღვდელმსახურის მოწმობა”, – აღნიშნეს სამინისტროში.
სანამ „გირჩის“ წევრები „ბიბლიურ თავისუფლებას“ დააარსებდნენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა სულ 60 სასულიერო პირს გადაუვადეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მალე მღვდელმსახურის განმარტება სათანადოდ აისახება საქართველოს კანონმდებლობაში. მცდარია მოსაზრებაც, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ გუშაგებად მსახურობენ. თავდაცვის სამინისტროში გაწვეული ახალგაზრდები გადიან ისეთივე წვრთნას, როგორც კონტრაქტორები. არანაკლებ იწვრთნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის განყოფილებაშიც.
„რაც შეეხება გუშაგის ფუნქციას, ის არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხედრო სამსახურში. ისიც აღსანიშნავია, რომ მწვევამდელების 40% სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ აგრძელებს შეიარაღებულ ძალებში სამსახურს კონტრაქტით ან ხდება მათი დასაქმება შესაბამის უწყებებში“, – აღნიშნეს სამინისტროში.
დღეს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადავადება არ ეხებათ, უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუმცა ფაქტია, რომ 2000-მდე ახალგაზრდას, რომელთაც გადავადება არ ეხებათ, „გირჩის“ მღვდელმსახურის მოწმობა ჯერჯერობით შველის…