თბილისიდან ბათუმისკენ – ელექტრომობილით

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ელექტრომობილების დამუხტვის ოთხი პუნქტი მოეწყობა. ეს საკმარისი იქნება 370 კილომეტრის დასაფარად.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2018 წელს თბილისიდან ბათუმში ჩასვლა ელექტრომობილით უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი, განაცხადა კომპანია E-Space-ის დირექტორმა სულხან გვალიამ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

E-Space — საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას ეწევა და დამუხტვის შესაბამისი ქსელის განვითარებით არის დაკავებული. მანძილი თბილისიდან ბათუმამდე 370 კილომეტრია.

„თბილისი–ბათუმის ავტობანზე წელს ელექტრომობილების დასამუხტი ოთხი სადგური გაიმართება", — განაცხადა გვალიამ და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი იქნება ავტომობილით ბათუმში ჩასასვლელად.

2018 წლის ბოლომდე ელექტრომობილის დამუხტვა უფასოდ იქნება შესაძლებელი, აღნიშნა გვალიამ.

ელექტრომობილების ან ჰიბრიდული ავტომობილების ტაქსის მძღოლებს შეღავათები ექნებათ

„შემდეგ გადავხედავთ ავტომობილების ზრდის დინამიკას და მივიღებთ გადაწყვეტილებას", — განაცხადა მან.

მისი თქმით, დღეს საქართველო ორი გამოწვევის წინაშე დგას — ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების დამონტაჟება მთელ ქვეყანაში და ავტომობილის დამუხტვის შესაძლებლობა სახლში.

„სახლებში, სადაც არის პარკირების ადგილი, გადაწყვეტილება სწრაფი დამუხტვის სადგურების შესახებ უკვე მიღებულია, სადაც არ არის — მერიას შევუთანხმდებით", — აღნიშნა გვალიამ.

საქართველოში ამჟამად ელექტრომობილების დამუხტვის 40 უფასო სადგური არსებობს. გარდა ამისა, ელექტრომობილის დამუხტვა სახლშიც არის შესაძლებელი.

2017 წლის იანვრიდან ნებისმიერი წლის გამოშვებულ ჰიბრიდულ ავტომობილზე აქციზი 60%-ით შემცირდა. ხოლო ელექტრომობილები აქციზს საერთოდ არ ექვემდებარებიან.

კომპანია E-Space 15 კომპანიასთან და თბილისის მერიასთან თანამშრომლობს. ელექტროდასამუხტი სადგურები გახსნილია თბილისში, თელავში, ყვარელში, სიღნაღში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და მცხეთაში.