საია: სექსუალური შევიწროვების მსხვერპლ ქალებს სამართლებრივად დავეხმარებით

საიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქალთა მოძრაობამ“ ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების შემთხვევებში დაადანაშაულა.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მზადაა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალების უფლებების დასაცავად, ნათქვამია ასოციაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც  „ქალთა მოძრაობამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, ზვიად დევდარიანი სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მოძრაობამ სპეციალური მიმართვა გაუგზავნა პარლამენტს და სახალხო დამცველს.

„გვსურს ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, გამოვუცხადოთ საჯარო მხარდაჭერა და გამოვთქვათ მზადყოფნა, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, მათი უფლებების დასაცავად“, — ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორ კვირაში 11 მოძალადე დააკავეს: ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ 16 მარტს წარადგინა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად. 

თუმცა,  17 მარტს, მას შემდეგ,  რაც „ქალთა მოძრაობამ“ დევდარიანი სექსუალური შევიწროვების შემთხვევებში დაადანაშაულა,  სახალხო დამცველმა  სიდას დირექტორის კანდიდატურა მოხსნა. ომბუდსმენის განცხადებით, მისთვის ცნობილი არ იყო „ქალთა მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ტექსტში ასახული შესაძლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ.

ომბუდსმენის განცხადებამდე, თავად ზვიად დევადარიანმაც გაავრცელა მიმართვა, სადაც საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. დევდარიანი  უარყოფს მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი კანდიდატად დასახელების გამო, მიზანმიმართულად დააშანტაჟეს.