თბილისი, 18 მარტი — Sputnik. წყალტუბოს რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში ახორციელებს. კომპანია პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 16 ჰექტარზე უნდა მოახდინოს.
სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 48 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28 000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გამოყოფს.
როგორც სამინისტროში აღნიშნეს, „ქართული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში კომპანია ასევე ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას გეგმავს.
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარლგებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 739 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია კი თითქმის 1,9 მილიონი ლარია, საიდანაც დაახლოებით 1,3 მილიონი ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.
პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.