შსს-ს ანგარიში: ორ კვირაში უკანონო იარაღის გამო 11 პირი დააკავეს

სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში აჭარაში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ანგარიშში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 11 პირი.

ნარკოდანაშაულზე საქართველოში ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს

დაკავებულთა ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის იარაღი.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სანადირო თოფი, მაკაროვის სისტემის 3 პისტოლეტი, კალაშნიკოვის სისტემის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ბერეტას“ სისტემის 3 პისტოლეტი, „ჩზ“-ს მოდელის 2 პისტოლეტი, „მოსინის“ ტიპის 2 კარაბინი, „GOLD-STAR-2002“-ის მოდელის პისტოლეტი, 13 მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 200 საბრძოლო ვაზნა და 1 ჯავშანჟილეტი ამოიღეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მოქალაწეები აგრძელებენ სხვადასხვა ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის ნებაყოფლობით ჩაბარებას, რაც მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

„სამცხე-ჯავახეთში ორმა მოქალაქემ ნებაყოფლობით წარმოადგინა: გადაჭრილი სანადირო თოფი, პისტოლეტი, მჭიდი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 316 საბრძოლო ვაზნა, 4 ხელყუმბარა და ხელყუმბარის 5 კორპუსი“, — ნათქვამია განცხადებაში.