სამი კაცის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა : დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik.  ზუგდიდში, 13 მარტს სამი კაცის დაჭრაში ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

დაკავებულის ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის განაცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ზუგდიდში სამი პირის დაჭრისთვის 33 წლის მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება

გავრცელებული ინფორმაცით, მომდევნო სხდომა 2 მაისს არის დაგეგმილი.

შემთხვევა 13 მარტს მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი წარსულში ნასამართლევია. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქურდულ გარჩევას უკავშირდებოდა. შს სამინისტროს თანამშრომლებმა სამი პირის დაჭრის ფაქტზე 33 წლის მამაკაცი ფოთში, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 19–109 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება). განზრახ მკვლელობის მუხლი 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.