გუდაურში დაშავებული ორსულის მდგომარეობაზე ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა

მკურნალობის ხარჯების გაღება არცერთ დაშავებულს არ მოუწევს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული შვედეთის მოქალაქე ორსული ქალის მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, 11 ადამიანი დაშავდა. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, უკრაინის ორი მოქალაქე და შვედეთის ერთი მოქალაქე. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

ორსული ქალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ კლინიკა „მედიქლაბჯორჯიაში“ მოინახულა. მისი თქმით, შვედეთის მოქალაქე 15 კვირის ორსულია, შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გუდაურის საბაგიროს შემქმნელი კომპანიის სპეციალისტი საქართველოში მოფრინავს

„შვედეთის მოქალაქე გადმოყვანილი იქნა გუდაურიდან რეანომობილით თბილისში. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. აღინიშნება 15 კვირის ორსულობა. პროფილაქტიკისთვის გაჩერდება სტაციონარში 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ და სავარაუდოდ ამის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციებით გაეწერება“, – აღნიშნა სოფრომაძემ.

ზაზა სოფრომაძის თქმით, მკურნალობის ხარჯების გაღება არცერთ დაშავებულს არ მოუწევს. ყველა ხარჯს დაფარავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც საბაგიროების ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.