შეგახსენებთ, რომ ყველა სიმღერა მისივე ლექსზეა დაწერილი. საქართველოდან წასულ ემიგრანტებს ისინი უცხოეთში მიაქვთ რელიკვიასავით, რადგან ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წლებს ახსენებთ. ჩვენი საუბრის დროს გაირკვა, რომ მომღერალს ჩვენთვის უცნობი ერთი ფარული ნიჭიც აქვს, რაც ცხოვრებაში და შემოქმედებაშიც ეხმარება.
– ქალბატონო ნატო, მოდით, საუბარი ახალი ამბით დავიწყოთ – მალე საბერძნეთში მიემგზავრებით, ეს საგასტროლო ტურნეა?
— ტურნესავით გამოვიდა, იმიტომ რომ იტალიაში ვიყავი და კიდევ ორ ქვეყანაში იგეგმება ჩემი გამგზავრება. მაისში ვენაში მივფრინავ. ეს ყველაფერი ემიგრანტების მიწვევით ხდება. ქსელური მარკეტინგივით აეწყო ყველაფერი, რადგან ჩემთან შეხვედრის სურვილს ერთმანეთის მიყოლებით თავად ემიგრანტები გამოთქვამენ. როცა ერთ ქვეყანაში ჩავდივარ, მერე სხვა ქვეყანაში მყოფი ქართველები აცხადებენ – თქვენთან რომ იყო ნატო, ჩვენთანაც გვინდა, რომ ჩამოვიდესო…
– ეს გასაგებიცაა, თქვენი სიმღერები ყველასთვის ბედნიერ წლებთან ასოცირდება…
— მართლაც ასე გამოდის. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოვხვდი, კონცერტებზე მოსულმა ქართველებმა მთელი რეპერტუარი ზეპირად იციან. წარმოიდგინეთ, ისინი 90-იან წლებზე გიჟდებიან. როცა იმ დროს დაწერილ სიმღერებს ვიწყებ, ჩემთან ერთად მთელი დარბაზი მღერის. ასე მეუბნებიან, ჩემს სათქმელს ამბობთო. ზოგი ასე ხსნის – ამ სიმღერის მერე წამოვედი თბილისიდანო, ან – მე რომ თბილისი დავტოვე, ეს სიმღერა მაშინ ჰიტი იყოო, ან ასე – პაემანზე რომ ვიყავი, ამ სიმღერას ვისმენდითო… იმასაც მეუბნებიან, არეულ ქალაქში ვიცხოვრე და თქვენმა სიმღერამ გადამატანინაო. ამ სიმღერების ბედია ასეთი და გამოდის, რომ ყველას თავისი სიმღერა აქვს…
– და ყველას თავისი „ნატო გელაშვილი ჰყავს“?
— კარგად თქვით, ზუსტად ასე გამოდის. ჰოდა, ახლა დავწერ სიმღერას იმაზე, რომ ყველაფერი კარგადაა და ასეც იქნება! ცალკეულ სიმღერაში მთელი დარბაზისთვის ახლობელი თემაა და ამიტომ მიაჩნია ის ყველას თავის სიმღერად. მართლა სასწაულია და ამის ახსნაც რაშია, ვერ ვხვდები… იანვრის მერე ვიყავი იტალიაში, სადაც ნეაპოლსა და ფლორენციაში მქონდა კონცერტები, ახლა საბერძნეთში მივდივარ, მაისში ვენაში მაქვს ტურნე. ახლახან გავიგე, რომ, თურმე, რომში მცხოვრები ემიგრანტები ცდილობენ ჩემთან დაკავშირებას…
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო კონსერვატორიის საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი იყო. მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი დიდი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი. თუმცა, მანამდეც ჰქონდა პატარ–პატარა კონცერტები და წარმატებები.
ნატო გელაშვილმა გასტროლები სტუდენტობის პერიოდიდანვე დაიწყო და იყო ბულგარეთში, საბერძნეთში, იტალიაში და ისრაელში. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები. არის ბორჯომის საპატიო მოქალაქე. 1995 წელს ბათუმზე შექმნილი სიმღერების ფესტივალზე მისმა სიმღერამ გრან-პრი დაიმსახურა.
ჩაწერილი აქვს ალბომები: "ისევ გიმღერო მინდა", "ყვავილების დედოფალი", "ერთი კაცი მიყვარდა", "გმადლობთ", "მიყვარხარო ძალიან", "აყვავდება როცა ნუში“. არის ლექსების კრებულის "ერთი ქალის ისტორია" ავტორი.
– ქალბატონო ნატო, ერთი პერიოდი არ ჩანდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დროს თქვენი სიმღერები სხვებს ეხმარებოდა…
— დიახ, ცუდი პერიოდი მქონდა და დეპრესიაში ვიყავი. ამ ოთხ წელიწადში, პრინციპში, ოჯახი დავმარხე… ისე ვიყავი, რომ სიმღერა არ მინდოდა. მერე დიდი ხანი რომ არ ვჩანდი, მითხრეს, უფლება არ გაქვთ დაიკარგოთ, რადგან ჩვენ ამ სიმღერებით ვსაზრდოობთ და ვცოცხლობთო. ამიტომაც მომიწია „დიდ ავიაციაში“ დაბრუნება და უცხოეთში, ჩვენი ემიგრანტებისთვის ტურნეების გამართვაც.
– მშვიდობიან ფრენას გისურვებთ — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით…
— არადა, თითქოს სცენაზე აღარ უნდა გამოვსულიყავი. ჩემი ბოლო სიმღერა იყო „ვბერდებით“, რომლითაც, პრინციპში, ჩემ მსმენელს დავემშვიდობე…
– მაგრამ დაბერებისა და სცენიდან წასვლის უფლება არ მოგცეს, ამიტომ ახალი სიმღერის დაწერა მოგიწევთ…
— არასოდეს ვიცი, რა დროს რას დავწერ. ისეთი შემთხვევებიც მქონდა, რომ სიმღერა რაზეც დამიწერია, მერე ის ამბავი რეალურადაც ახდება ხოლმე.
– ესე იგი, კარგი ინტუიცია გაქვთ?
— მართლა ასეა, სასწაული ინტუიცია მაქვს.
– ანუ ეს თქვენი ფარული ნიჭია, რომლის შესახებაც ბევრმა აქამდე არ იცის?
— თუ ეს ნიჭია, ასე გამოდის… ზოგჯერ ისე ხდება, რომ, მაგალითად, არაფრის გამო ოცი წლის წინანდელი მეგობარი გამახსენდება ხოლმე, ანუ მას ამოვიჩემებ. მერე ისე ხდება, რომ ის ან კონტაქტზე უნდა გამოვიდეს, ან მის შესახებ რაღაც ამბავი უნდა გავიგო.
– ეტყობა ყველასთვის გასაგებ და ახლობელ სიმღერებსაც სწორედ ეს ინტუიცია გაწერინებთ…
— უბრალოდ და შემთხვევით ცხოვრებაში არაფერი ხდება — ეს ნამდვილად ვიცი…
– ამ ეტაპზე რას გკარნახობთ ინტუიცია?
— ამ ეტაპზე ვიცი, რომ ჰაერში მიწევს ცხოვრება და ვაპირებ ის ალბომი, რომელიც დაწყებული მაქვს, დავამთავრო. მინდა ლექსების კრებული გამოვცე, ბევრი საქმე მაქვს ისეთი, რომელიც უნდა გავაკეთო და მოვასწრო.
– მკითხველს შევახსენოთ პირველი სიმღერა, რომლითაც ყველაფერი დაიწყო…
— ჩემი პირველი სიმღერა იყო „ისევ ღამე, ისევ თოვა“ და პირველივე სიმღერა ჩემთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა.
– ანუ ნოტბედნიერი, არა?
— მართლაც, ფეხ და ნოტბედნიერიც!.. იმედია, ჩემს ახალ სიმღერებსაც ასეთი ბედი ექნებათ…