შვედეთი საქართველოს: მოგვაშორეთ თქვენი კრიმინალები

შვედური მასმედიის ინფორმაციით, საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც შვედეთში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიან.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. შვედეთი საქართველოსგან შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, იუწყება შვედური საინფორმაციო საშუალება Sveriges Radio.

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საფრანგეთმა, ისლანდიამ, შვედეთმა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ჩასულთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის რიცხვის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა.

Sveriges Radio ავრცელებს ინფორმაციას სტოკჰოლმში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასა და შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა  მინისტრის მორგან იოჰანსონის შეხვედრის შესახებ. შვედური საინფორმაციო საშუალების ცნობით, შეხვედრა სამშაბათს, 13 მარტს გაიმართება.

გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, შვედური მხარე საქართველოსგან მოითხოვს, დაიბრუნოს შვედეთში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები.

„ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები და მათ შვედეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამიტომ მათ სასჯელი სამშობლოში უნდა მოიხადონ. ჩვენ ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება“, — ციტირებს შვედური საინფორმაციო საშუალება იოჰანსონს.

Sveriges Radio-ს ინფორმაციით, შვედეთში ქურდობის შემთხვევების თითქმის ნახევარი უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე მოდის. საქართველო კი ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, საიდანაც ქვეყანაში ყველაზე მეტი დამნაშავე ჩადის. მორგან იოჰანსონის თქმით, საქართველოს გარდა ეს ქვეყნებია პოლონეთი, რუმინეთი და ლიტვა.

„შვედეთი ამ ქვეყნების წარმომადგენლებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს შვედეთში გასამართლებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე“, — ნათქვამია სტატიაში.

მედიასაშუალების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები იტაცებენ ავტომობილებს, იპარავენ ავტონაწილებს, ასევე ძარცვავენ ასაკოვან მოქალაქეებს.

საფრანგეთის ელჩი: კრიმინალების გამო არ გვინდა დავსაჯოთ ღირსეული ქართველები

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.

უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.

საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება.

გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება, რადგან საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომლებსაც თავშესაფარზე უარს ეუბნებიან, ბრუნდება სამშობლოში, ნათესავების გვარზე გადადის და ისევ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.