რატი წითელაძის ფილმმა ევროპული კინოაკადემიის პრიზი მიიღო

ფინეთის ფესტივალზე გამარჯვების წყალობით რატი წითელაძის ფილმი European Film Academy-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რატი წითელაძის ახალი დოკუმენტური ფილმი „სოციუმის ტყვე“ ტამპერეს საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი გახდა, რომელიც ფინეთში 7-11 მარტის პერიოდში ჩატარდა.

კინოფილმმა პრიზი ევროპული კინოაკადემიის (European Film Academy) ნომინაციაში მიიღო, რისი წყალობითაც ფილმი მონაწილეობას მიიღებს European Film Academy 2018-ის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში შედგა წითელაძის ფილმის მსოფლიო პრემიერა.

ფესტივალის მთავარი პრიზი — გრან-პრი მიიღო რეჟისორ ელოდი დერმაგნის „შვეიცარულმა ინტიმურობამ“ (Swiss Intimity).

ქართული ფილმის გამარჯვება ხორვატიის ფესტივალზე

„სოციუმის პატიმარი" — საქართველოს და ლატვიის კოპროდუქციაა. ფილმის ქრონომეტრაჟია 15 წუთი. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალია, რომელსაც პრობლემები ექმნება მშობლებსა და მის მიმართ მათ მოლოდინებს შორის მოქცევის გამო, ასევე საზოგადოებაში აგრესიის გამო, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში ლგბტ პირების მიმართ არსებულ დამოკიდებულებასთან.

ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსისთვის ოთხი ათასი ფილმიდან შეირჩა. ტამპერეს კონკურსზე რატი წითელაძის ფილმის კონკურენტები იყვნენ ბრაზილიელი, ფილიპინელი, ირანელი, კანადელი, ბრიტანელი და პორტუგალიელი რეჟისორების ნამუშევრები.

ტამპერეში კინოფესტივალი (Tampere Film Festival) ყოველწლიურად იმართება 1970 წლიდან. კინოპროდიუსერების ასოციაციის საერთაშორისო ფედერაციამ (FIAPF) კინოფესტივალს აკრედიტაცია მისცა – როგორც დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი კინოს სექციის ხუთი ფესტივალიდან ერთ-ერთს.