თბილისი, 13 მარტი — Sputnik. თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტს წყვეტს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.
„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.
„სითი პარკთან" კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს.
„სითი პარკს" უფლება აქვს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმები გამოწეროს. კონტრაქტის თანახმად, თითოეული ჯარიმიდან კომპანია 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ნაწილდება (40% — 60%-ზე).
ოპოზიციამ არაერთხელ მოუწოდა ქალაქის მერიას კომპანიასთან კონტრაქტის გაწყვეტისა და ჯარიმის სახით „სითი პარკისთვის" 25 მლნ ლარის გადახდისკენ, რადგან, უწყებასა და კომპანიას შორის დადებული კონტრაქტის თანახმად, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში მერიამ ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რათა სამომავლოდ პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. როგორც მან განაცხადა, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება მიუღებელი და არასწორია.