ლიზა ბათიაშვილი „კარნეგი–ჰოლში" გამოვა

სცენაზე ფრანც შუბერტისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები გაჟღერდება.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი მსმენელის წინაშე ნიუ-იორკის ლეგენდარული „კარნეგი–ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში 24 მარტს წარდგება, იუწყებიან საღამოს ორგანიზატორები.

საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ლიზა ბათიაშვილი სცენაზე ამერიკის კამერულ ორკესტრ „ორფეოსთან“ ერთად გამოვა. ეს იქნება „გრემის" მფლობელი ორკესტრისა და ქართველი მევიოლინის პირველი ერთობლივი გამოსვლა.

სცენაზე ფრანც შუბერტისა და სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები გაჟღერდება.

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ბრიტანული პრემია Gramophone-ის პრეტენდენტია

გარდა ამისა, პროგრამაში შესულია ნაწყვეტი შუბერტის მუსიკალური პიესიდან „როზამუნდა" და მისი დაუმთავრებელი სიმფონია №8, კონცერტი ვიოლინოსა ორკესტრისთვის №2 და პროკოფიევის „შუბერტის ვალსები".

ლიზა ბათიაშვილი ოჯახთან ერთად გერმანიაში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჰამბურგის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში (Hochschule fur Musik und Theater Hamburg) სწავლობდა. 2001 წელს ჩაწერა პირველი ალბომი იოჰან სებასტიან ბახის, ფრანც შუბერტის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებით.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ბათიაშვილისთვის დაიწერა მანგუს ლინდბერგის კონცერტი ვიოლინოსთვის, რომელიც მან პირველად 2006 წელს შვედეთსა და აშშ-ში შეასრულა.

ლიზა ბათიაშვილს 1995 წელს სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონცერტზე მეორე პრემია მიენიჭა. ბონში ბეთჰოვენის ფესტივალზე მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა „ბეთჰოვენის ბეჭდით" (2006). 2009 წელს კი კიჯის აკადემიის პრემიის ლაურეატი გახდა. 2017 წელს ნომინირებული იყო კლასიკური მუსიკის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის — Gramophone-ის პრემიაზე.