მას ამ ქალაქთან თეატრალური მეგობრობა აკავშირებს. მანამდე მურმანსკში ქართველი რეჟისორის მოზარდთა თეატრალური სტუდიის ხელოვნება უკვე იხილეს და მოიწონეს. ამ ამბის შესახებ მკითხველი ჩვენი საშუალებით პირველად შეიტყობს. ბატონი ლაშა წლებია, რაც ქართველ მოზარდებს მის მიერ დაარსებულ სტუდია „თეატრალში“ ხელოვნებას აზიარებს.
– ბატონო ლაშა, როგორ ჩაისახა თქვენი თეატრალური მეგობრობა?
— მურმანსკში არის თეატრალური სკოლა ბავშვებისთვის, სადაც მოზარდები ყველაფერს სწავლობენ, რაც კი თეატრს ეხება: მსახიობის ხელოვნებას, თოჯინებს, ბუტაფორიას, ხატვას… პირველად ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ პეტერბურგში, ალექსანდრ ბრიანცევის სახელობის მოზარდთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე შევხვდით. ფესტივალზე მოზარდთა თეატრალური სტუდია „თეატრალის“ სპექტაკლით ვიყავით ჩასული. მურმანსკის თეატრალური სკოლის რეჟისორი არის ქალბატონი მარია იურიევა. იქ ჩვენ შორის კონტაქტები გაება და ამის მერე მურმანსკელი პატარა მსახიობები ჩამოსული იყვნენ თბილისში, სადაც მასტერ-კლასები გაიარეს.
ხელოვნების სახელით დაწყებული ამ მეგობრობის დასტურად გამოდგება თბილისელი და მურმანსკელი ბავშვების ერთობლივი სპექტაკლი, რომელიც ორი წლის წინ, ზაფხულში მომზადდა თემაზე „ბავშვები ძალადობის წინააღმდეგ“. მურმანსკის ფესტივალზე კი რეჟისორმა ლაშა გოგნიაშვილმა მსახიობის ოსტატობისა და სასცენო მოძრაობის მასტერ-კლასები ჩაატარა.
– ფესტივალის ჟიური წარმომადგენლობითი იყო…
— დიახ, ფესტივალის ჟიურის წევრები ძალიან ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ქალბატონი ალა ზორინა, რომელიც რუსეთის თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელის ბორის კალიაგინის მოადგილეა. ჟიურის წევრი იყო ცნობილი მსახიობი დიმიტრი ლოგაჩოვი, რომელიც რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტებში მეტყველების კურსს კითხულობს, ასევე ჟიურიში იყვნენ ევგენი სლესარი და ალექსანდრ ლელკოვი. ამ ფესტივალზე ოჯახთან ერთად ჩემი მიწვევა თეატრალური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის სურვილი და ინიციატივა იყო. მაისში საქართველოში ჩამოდის რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის TV-26-ის ხელმძღვანელი, ძალიან კარგი პიროვნება იური ეროფეევი, რომელიც კარგად გვიცნობს. მან ფესტივალის მსვლელობის დროს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიგვიწვია.
– როგორც ვიცი, მურმანსკის ფესტივალს ქართული სიმბოლოც, სახელად „გრანიკო“ ჰყავდა…
— თეატრალური ფესტივალის Грани–2018 სიმბოლო იყო გოგონა, სახელად „გრანია“. იქ გადაწყვიტეს, რომ მას ქართული სიმბოლო „გრანიკოც“ ჰყოლოდა. მათი სურვილით ქართული სიმბოლო ჩემი გოგონა ლიზიკო გახდა. მან ფესტივალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა, სცენიდან ქართულად მიმართა ხალხს და გარკვეული რეპრიზები შეასრულა. ამის მერე ლიზიკო სერიოზულად ჩაერთო ფესტივალის საქმიანობაში, მასტერ-კლასებზეც დადიოდა და ყველა ღონისძიებას ესწრებოდა. ჩემმა მეუღლემ ბელამ ფესტივალის დახურვაზე ქართული სიმღერა „საქართველო ლამაზო“ შეასრულა. ეს სიურპრიზი იყო, რადგან არავინ ელოდა. ფესტივალის დახურვაზე სცენიდან ჩემი სიტყვა მეც ვთქვი. როდესაც გამარჯვებული დავაჯილდოვე, შეკრებილ ხალხს ჯერ ქართულად მივმართე, ვთქვი, მშობლიური ენა ძალიან მომენატრა და ნება მომეცით, ქართულად მოგმართოთ, თქვენ ჩემი ინტონაციით მიხვდებით, თუ რაზე გესაუბრებით–მეთქი. ასე რომ, რუსეთში მურმანსკის საერთაშორისო ფესტივალის სცენიდან ქართული სიმღერა და სიტყვა გავაჟღერეთ.
ზაფხულში საქართველოში თეატრალური პროექტის „თეატრი – ურთიერთობების პერსპექტივა“ ფარგლებში რუსეთიდან საქართველოში თეატრალური ჯგუფები ჩამოდიან. ამ ეტაპზე უკრაინასთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან მიდის მოლაპარაკებები. აპრილში თბილისს ეწვევა პეტერბურგის თეატრალური სტუდია Счастливая долина („ბედნიერი ველი“), რომელთან ერთად ქართულმა მოზარდთა სტუდია „თეატრალმა“ ერთობლივი სპექტაკლი მოამზადა. მათი ვიზიტის დროს ამ სპექტაკლს თბილისის, მცხეთისა და ბორჯომის მაყურებელი იხილავს.