თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 61 წლის გოგი რატიანის (ხატოევის) მკვლელობის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე.
რატიანი ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე საკუთარ ბინაში მოკლული კვირას, დილით ნახეს. მასმედიის ინფორმაციით, რატიანი კრიმინალური ავტორიტეტი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა რატიანს სანადირო თოფიდან ესროლა, რის შემდეგაც მიიმალა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებულის დაკავება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლო. დანაშაულის მოტივად, შსს-ს ინფორმაციით, შურისძიება სახელდება.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.