სვენტიცკი: ოლეგ ტაბაკოვს საქართველო სიგიჟემდე უყვარდა

ლეგენდარული მსახიობი და რეჟისორი ოლეგ ტაბაკოვი მოსკოვში 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უდიდესი არტისტი და საქართველოს დიდი მეგობარი — ასე უწოდა მოსკოვში 12 მარტს გარდაცვლილ გამოჩენილ რუს მსახიობსა და რეჟისორ ოლეგ ტაბაკოვს გრიბოედოვის თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ.

სვენტიცკის თქმით, ოლეგ ტაბაკოვი არამარტო დიდი არტისტი, ის დიდ პედაგოგიც იყო, მან თავისებურად უნიკალური თეატრი „ტაბაკერკა“ შექმნა, სადაც დიდი არტისტების უზარმაზარი პლეადა აღზარდა.

„ეს სრულიად უნიკალური პიროვნებაა. დიდი მსახიობი, რეჟისორი. ის ჩაუდგა სათავეში მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრს (МХАТ-ი) ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ქვეყანა დაინგრა, როდესაც თითქოს არავის ეცალა თეატრისათვის, თეატრალური ხელოვნებისთვის. და ყველა სირთულის მიუხედავად, რასაც იმ დროს ქვეყანა განიცდიდა, ამ თეატრს ყოველთვის ჰყავდა ძალიან ბევრი მაყურებელი. იქ მოხვედრა შეუძლებელი იყო. და ეს ყველაფერი ამ დიდი მსახიობისა და მოქალაქის უზარმაზარი ენერგიისა და ღვთისგან ბოძებული ნიჭის წყალობით“, — უამბო სვენტიცკიმ „Sputnik-საქართველოს“.

გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი

ნიკოლაი სვენტიცკი ოლეგ ტაბაკოვის საქართველოსთან კავშირსაც შეეხო.

„ოლეგ ტაბაკოვი ჩენი ქვეყნის მეგობარი იყო. საქართველოში ხშირად და დიდი სიამოვნებით ჩამოდიოდა. ცდილობდა ყოველთვის მისულიყო ქართული თეატრების სპექტაკლებზე, რომლებიც გასტროლებით მოსკოვში ჩადიოდნენ. კერძოდ, იყო დიდი მეგობარი ოთარ მეღვინეთუხუცესის და გურანდა გაბუნიასი და ოთარი МХАТ-ში სამუშაოდ მიიწვია. და ოთარი МХАТ-ში რუსულ ენაზე  სპექტაკლებში თამაშობდა. ქართულ-რუსული თეატრალური კავშირების განმტკიცებისთის ძალიან ბევრს აკეთებდა. ეს ქვეყანა სიგიჟემდე უყვარდა. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი სიმწარეა“, — განაცხადა სვენტიცკიმ.

82 წლის ტაბაკოვი საავადმყოფოში ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, საახალწლოდ მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, არტისტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართეს. 

თეატრისა და კინოს მსახიობი, სსრკ-ის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი 1935 წლის 17 აგვისტოს სარატოვში ექიმების ოჯახში დაიბადა. 1957 წელს მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრის სკოლა-სტუდია დაამთავრა და მაშინვე თეატრთან არსებული ახალგაზრდა მსახიობთა სტუდიის მსახიობი და რეჟისორი გახდა. 

1971-1976 წლებში სამსახიობო საქმიანობას უთავსებდა თეატრ „სოვრემენიკის“ ხელმძღვანელობას. 2000 წლიდან იკავებდა ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, ხოლო 2004 წლიდან თეატრის დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ტაბაკოვი ცნობილია კინოროლებითაც. ის გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა Полеты во сне и наяву, Человек с бульвара Капуцинов, Ближний круг, Сирота казанская და სხვ.