თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ურთიერთობების მოგვარების კუთხით რუსეთი მზად არის იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად არიან თბილისში, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.
გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერმა მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნაც გამოთქვა. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველო და რუსეთი არჩევნის წინაშე არიან — გააგრძელონ ურთიერთბრალდებები თუ გონიერი ნაბიჯები გადადგან, რათა ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანონ.
„მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში“, — ნათქვამია კომენტარში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა იმედი ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის კონსტრუქციული ჩატარების შესახებ. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს გაიმართება. ჟენევის მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების ორიდან ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს.
„კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით მარტის ბოლოს დაგეგმილ მორიგ რაუნდზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას“, — ნათქვამია კომენტარში.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიოლოგისკენ მისწრაფება დადებითად შეაფასა.
„შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს ცდება. კერძოდ, ეს ეხება საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით ცოტა ხნის მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც მწუხარებას იწვევს“, — აღნიშნულია კომენტარში.
ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში 22 თებერვალს გარდაიცვალა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადფაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.
ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახსნა იმით, რომ გააჩნდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა. ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ, თუმცა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.
რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში დღეისათვის რუსეთ-საქართველოს დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძისა და რუსეთის სააგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.