ქალთა უფლებების დარღვევა საქართველოში: Sputnik-ის მკითხველთა აზრი გაიყო

Sputnik-ის მკითხველებმა პასუხი გასცეს კითხვას "შესწრებიხართ თუ არა საქართველოში ქალთა უფლებების დარღვევას?"
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. Sputnik-ის მკითხველების უმეტესობა შესწრებია საქართველოში ქალთა უფლებების დარღვევის ფაქტს, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე, „შესწრებიხართ თუ არა საქართველოში ქალთა უფლებების დარღვევას", მკითხველთა 69,4%-მა უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტის მომსწრე იყო. დასმულ კითხვას 16,7%-მა უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 13,9%-მა კი უპასუხა — „ძალზე იშვიათად".

კვლევა: საქართველოს მასშტაბით ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობით თბილისი ლიდერობს

ორგანიზაცია „გაერო — ქალების" (UN Women) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ქმრის ან სექსუალური პარტნიორის მხრიდან ძალადობა საკმაოდ ხშირი ფაქტია.

კერძოდ, ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი საქართველოში მცხოვრები 15-დან 64 წლამდე ასაკის შვიდიდან ერთი ქალი. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის ბავშვობაში, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადა ოთხიდან ერთზე მეტმა ქალმა (27%). ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი საქართველოში ქალების 9% გახდა.