თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისში, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე საკუთარ ბინაში მოკლული მამაკაცი კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
61 წლის მამაკაცის ცხედარი ვერაზე კვირას დილით აღმოაჩინეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით თავში მიყენებული ჭრილობისგან გამთენიისას გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის მონაცემებით, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი ხატოევი ბოლო დროს რატიანის გვარით ცხოვრობდა.
მედიაში მკვლელობის სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხატოევს დიდი ვალი ჰქონდა, სხვა ვერსიით — შურისძიება წარსულში მომხდარი მოვლენების გამო.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.