ბათუმში უბედური შემთხვევების დროს დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა

შაბათს მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი გადმოვარდა, 9 წლის გოგონას კი გზაზე ავტომობილი დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ბათუმში, ცენტრალურ ბულვარში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მოზარდი გადავარდა

უბედური შემთხვევა შაბათს მოხდა. დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდი რეანიმაციის განყოფილებაშია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დაშავებულს ტრავმები თავის არეში აქვს.

ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული 9 წლის გოგონა, რომელიც ბათუმში წერეთლის ქუჩაზე შაბათს გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა გზაზე გადადიოდა. მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მისი მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.