საქართველოს მთავრობამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასობით მკვიდრს უმკურნალა

საქართველოს მთავრობამ აფხაზეთიდან 1100-ზე მეტი პაციენტისა და ცხინვალის რეგიონიდან 500-ზე მეტი პაციენტის მკურნალობა დააფინანსა
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს სამედიცინო მომსახურებით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის 1644-მა მცხოვრებმა სრულიად უფასოდ ისარგებლა, იუწყება ტელეარხი Imedi.

კერძოდ, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში მცხოვრები 1137 პაციენტი დააფინანსა, მათ შორის 179 ბავშვი, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრები 507 პაციენტი, მათ შორის 57 ბავშვი.

2010 წელს ამოქმედებული რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ იმ პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროგრამა უზრუნველყოფს სრული სამედიცინო მომსახურებას საქართველოს კლინიკებში, ასევე გადაუდებელ სიტუაციებში პაციენტთა ტრანსპორტირებას.

თბილისი მხარს უჭერს ჟენევის დისკუსიაზე რიგი საკითხების დეპოლიტიზაციას

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა — ეს არის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი. აღნიშნულ სტრატეგიაში ჯანდაცვისა და განათლებისადმი ხელმისაწვდომობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პროგრამაში ჩასართავად, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში უნდა წარედგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი — როგორც ელექტრონული სახით, ისე უშუალოდ უწყებაში. მათ შორისაა ფორმა #100, საჭირო სამედიცინო მომსახურების ხარჯების კალკულაცია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) და განცხადება მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის სახელზე.

კვირაში ერთხელ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ტარდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც განაცხადებს სწავლობს.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებია. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.