თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომლებიც მათ დახმარებაზეა ორიენტირებული.
დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სამოქალაო კოდექსში გაჩნდება „მრავალშვილიანი ოჯახის“ ფორმულირება, რომლის თანახმად მრავალშვილიან ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, რომელშიც 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი ბავშვი იზრდება.
ცვლილებები მთავრობას მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების სპეციალური სოციალური პროგრამების შემუშავებას დაავალდებულებს.
ხუნაძის თქმით, კომიტეტი უკვე შეუთანხმდა ფინანსთა სამინისტროს ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირების შესახებ.
„პირველ ეტაპზე, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი ელექტროენერგიისთვის წელიწადში 240 ლარიან სუბსიდიას მიიღებს, ხოლო ყოველ შემდგომ ბავშვზე დამატებით 120 ლარიან სუბსიდიას. შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის“, — განმარტა ხუნაძემ.
მისი თქმით, დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება. მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსს 12 500 ოჯახი მიიღებს.
ელექტროენერგიაზე ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული დახმარების გარდა, მრავალშვილიან ოჯახებს ბავშვების სხვადასხვა წრესა თუ სპორტულ სექციაში უფასო მიყვანის შესაძლებლობა ექნებათ. ამ ოჯახებს შეღავათები ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას ექნებათ, განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თვმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
მეტიც, ცვლილებების თანახმად, კომპანია „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების დაფინანსების დროს საქართველოს მთავრობა უპირატესობას მრავალშვილიან ოჯახებს მიანიჭებს.
მრავალშვილიანმა ოჯახებმა გამოხატეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ ოჯახები, რომლებშიც ოთხიდან თუნდაც ერთ-ერთი შვილის ასაკი 18 წელს აღემატება, მრავალშვილიანად აღარ ჩაითვლებიან და შეღავათებით ვეღარ ისარგებლებენ.
ამაზე საპასუხოდ ხუნაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი მზადაა გადახედოს ეს დებულება და შესაბამისი ცვლილებები მიიღოს.
დღეისათვის შობადობის დაბალი მაჩვენებლის მქონე რეგიონებში სახელმწიფო ოჯახებს მესამე და მომდევნო შვილის დაბადების შემთხვევაში ეხმარება. დედა თვეში 150 ლარს იღებს (სანამ ბავშვი ორი წლის ასაკს მიაღწევს). მაღალმთიან რეგიონებში ეს თანხა 200 ლარს შეადგენს.