აბაშიძე: რუსეთისადმი პრემიერის მიმართვა რთული ნაბიჯი იყო

ზურაბ აბაშიძემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას, რომელიც რუსეთის მისამართით ურთიერთობების დალაგების მიზნით გაკეთდა
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთს ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და გააკეთა რთული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე საქართველო და რუსეთი არჩევნის წინაშე არიან — გააგრძელონ ურთიერთბრალდებები თუ გონიერი ნაბიჯები გადადგან, რათა ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანონ.

„ალბათ, განცხადებაზე რაღაც რეაქცია იქნება. ამის წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პრემიერმა ის რთული ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა“, – განუცხადა აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

კვირიკაშვილი რუსეთს „მოჯადოებული წრიდან გამოსვლას“ სთავაზობს

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვირიკაშვილის განცხადება ქართველი ხალხის წინაშე მისი პასუხისმგებლობით იყო ნაკარნახევი.

„ეს დიდი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მოღვაწის განცხადებაა. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში მაქვს ქვეყნისა და საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც ყველაფერზე, ნებისმიერ პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა მათ ინტერესებს აყენებს“, — განაცხადა აბაშიძემ. 

მან ასევე გაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერმა მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობი პირობებში ჟენევის დისკუსიები ქვეყნებს შორის დიალოგის ორიდან ერთ-ერთ ფორმატს წარმოადგენს.

„კვირიკაშვილმა ამ განცხადებით ნაბიჯი გადადგა არა მხოლოდ ტატუნაშვილთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ რუსეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონკრეტული, გონივრული შეთავაზება გააჟღერა და მისი პირადი მონაწილეობით, ჟენევის დისკუსიების გააქტიურების მზადყოფნა გამოთქვა, რაზეც კომენტარი ადრეც გაუკეთებია“,- აღნიშნა აბაშიძემ.

საქართველო უკვე მერამდენე დღეა ცხინვალში 22 თებერვალს გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას უშედეგოდ ცდილობს.

ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გადფაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

რა ხდება ცხინვალში - ახალი დეტალები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საქმეში

ტატუნაშვილის დაკავება დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახსნა იმით, რომ გააჩნდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სადაზვერვო-დივერსიული საქმიანობით იყო დაკავებული და მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, მათ განაცხადეს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა. ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ისინი ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ, თუმცა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით რუსი ექსპერტების დასკვნას ელოდება.

აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებია. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.