სერბეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

შეთანხმებას სერბეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უვიზო რეჟიმი საქართველოსა და სერბეთს შორის უახლოეს დღეებში, შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულებამდე ამოქმედდება, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შესაბამის შეთანხმებას ბელგრადში ოთხშაბათს ხელი მოაწერეს საქართველოსა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიხეილ ჯანელიძემ და ივიცა დაჩიჩმა.

„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. ხვალვე სერბეთის მთავრობა გამონაკლისის სახით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო პროცედურების დასრულებამდე ექნებათ საშუალება უვიზოდ იმოგზაურონ სერბეთში, როგორც ეს თავის დროზე სერბეთის მოქალაქეებისთვის საქართველომ გააკეთა“, – განაცხადა დაჩიჩმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მთავრობა: ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი არ დგას

მინისტრებმა მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური, კულტურული და უბრალო ადამიანური კონტაქტების გააქტიურებას.

მათ ასევე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია თბილისსა და ბელგრადში დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნის თაობაზეც, რაც სრულფასოვანი დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნამდე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სერბეთს შორის. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურთიერთმხარდაჭერა გამოთქვეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე პოზიცია სქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ. მინდა ასევე სერბი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“, – განაცხადა დაჩიჩმა.

ჯანელიძემ და დაჩიჩმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს; მიესალმნენ ჩარჩო–ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსა და სერბეთს შორის ვაჭრობის განვითარების შესახებ, ასევე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობას, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას წარმატებით უზიარებენ.

Главы МИД Грузии и Сербии Михаил Джанелидзе и Ивица Дачич подписали соглашение о безвизе

დაჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებით.

ჯანელიძემ მიულოცა სერბეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება და აღნიშნა, რომ ევროპული გზა და ევროკავშირის წევრობა, როგორც ორივე ქვეყნის ხალხის მტკიცე არჩევანი, უაღრესად მნიშვნელოვანია და ორივე ქვეყანა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გვაქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხზე, ასევე ვაფასებთ სერბეთის პრინციპულ პოზიციას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის კრიტიკულად აუცილებელი, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და საერთაშორისო პოზიციების დაცვით. მოხარული ვართ სერბეთის წარმატებით ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ წარმატებული გამოცდილება“, — აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აქტიური არ არის, თუმცა არის ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი.

2018 წლის გაზაფხულზე თბილისში პირველი ქართულ–სერბული ბიზნეს–ფორუმის ჩატარება იგეგმება.