თბილისში ავტობუსის მძღოლმა ოთხი ადამიანი დაჭრა

მძღოლმა თვითდაზიანებები მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ადგილზე დააკავა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. თბილისში N150 ავტობუსის მძღოლმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ოთხი თანმხლები პირი დაჭრა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ოთხშაბათს, 7 მარტს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ ნასვამ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

„ერთ-ერთმა მძღოლმა — 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს — ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს, 1965 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1967 წელს დაბადებულ ვ.ი.-ს და 1961 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

შსს-მ გახსნილი საქმეების შესახებ ანგარიში წარადგინა

სამართალდამცველებმა მძღოლი ადგილზე დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ მკურნალობენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.