სასწრაფო დახმარება პაციენტებს ახლებურად მოემსახურება

სპეციალური პროგრამა განსაზღვრავს, რომელ პაციენტს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სასწრაფო დახმარების ბრიგადა საქართველოში პაციენტებთან მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მივა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეზე აკაკი ზოიძეზე დაყრდნობით.

საქართველო ყიდულობს სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს. ამ მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან.

პოლიციისა და „სასწრაფო დახმარების“ კოორდინაცია გაუმჯობესდება

პროგრამა ამგვარად იმუშავებს: გადაუდებელი დახმარების ცენტრი „112“-ის ოპერატორი სპეციალურ პროგრამაში შეიყვანს მონაცემებს პაციენტის შესახებ, რომელიც აარჩევს, თუ რომელ პაციენტს ესაჭიროება უფრო მეტად სამედიცინო დახმარება.

პროგრამას, რომელიც გადაუდებელი დახმარების ამერიკულმა ასოციაციამ შექმნა და რომლის ღირებულებაც 700 ათასი აშშ დოლარია, „112“-ის ცენტრი და თბილისის მერია წლის ბოლომდე შეიძენენ.

„თუ დღევანდელი სისტემით პაციენტის მდგომარეობის კარგად დაზუსტება ვერ ხერხდება, ახალი ალგორითმით ზუსტად განისაზღვრება, რომელია გადაუდებელი გამოძახება", — განაცხადა ზოიძემ.

მან აღნიშნა, რომ, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაუდებელ შემთხვევებში სასწრაფო დახმარება ავადმყოფთან მაქსიმუმ რვა წუთში უნდა მივიდეს.