სააკაშვილმა უკრაინაში თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა

ქართველი პოლიტიკოსი არაერთხელ აცხადებდა, რომ ოდესის მერობაზე ოცნებობდა
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ჰოლანდიაში იმყოფება, განაცხადა, რომ ოდესის მერობა სურს, იუწყება РИА Новости Украина Meduza-ზე დაყრდნობით.

სააკაშვილი, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, ამჟამად უკრაინის ოპოზიციონერია, რომლის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თებერვლის შუა რიცხვებში უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის ჰოლანდიაში მეუღლესთან გაემგზავრა.

სააკაშვილი: უკრაინა შეიძლება ნაწილ-ნაწილ დაიშალოს

„ოდესელების წინაშე დიდ ვალში ვარ. მას შემდეგ, რაც უკრაინას შევცვლი, მინდა აუცილებლად გადავიდე ოდესაში და მისი მერი გავხდე. შესაძლოა, სწორედ ეს გახდება ჩემი კარიერის მომდევნო ეტაპი“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გუბერნატორის პოსტზე მუშაობისას, ოდესის მერიაზე მას არანაირი გავლენა არ ჰქონია.

„საერთოდ არანაირი უფლებამოსილება არ მქონდა ოდესის მერიის მიმართ. ოდესის მერია მთლიანად ბანდიტების ხელშია, და ამ ბანდიტებს ყოველ თვე პირდაპირ მიაქვთ ფული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, — აღნიშნა მან.

სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსი 2015 წელს გახდა, როდესაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს. 2016 წელს ის სკანდალის ფონზე გადადგა და პოროშენკო რეგიონში არსებული დანაშაულებრივი „კლანების“ მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მან ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდა.