სტიქია გურიაში – ქარიშხალმა ათობით სახლი სახურავის გარეშე დატოვა

ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სუფსა ადიდდა, რის გამოც ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. გურიაში ძლიერმა ქარმა და ორდღიანმა გადაუღებელმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა დაახლოებით 40 სახლს სახურავი გადახადა. მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა.

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ოზურგეთსაც. გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე სუფსამ დატბორვის საფრთხე შეუქმნა ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალს. ასევე, ქარიშხალმა დააზიანა 50-მდე სახლი. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ინფრასტრუქტურის სამსახური.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი ნალექების გამო დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდინარე რიონის აუზში, წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. სააგენტოს ცნობით, წყლის დონეების საშიშ ნიშნულამდე აწევა მოსალოდნელი არ არის და 6 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან მდინარეებზე წყალი ეტაპობრივად დაიწევს.