საქართველოს კომერციული ატაშე ექვს ქვეყანაში ეყოლება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოსთვის კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშნელოვანია, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველ ეტაპზე საპილოტე პროექტი ექვს ქვეყანაში განხორციელდება. კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა, კერძოდ, ერთი – ქართული საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა და, მეორე – ინვესტიციების მოზიდვა, აღნიშნა მინისტრმა.

გამართლდება თუ არა პროგნოზები: საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება

„საქართველოდან კომერციული ატაშეები პირველ ეტაპზე აშშ-ში, გერმანიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ჩინეთში დაინიშნებიან. ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები", — განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომერციული ატაშეების თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა.

კონკურსის პირობების თანახმად, პირს, რომელსაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კომერციული ატაშეების შესარჩევ კონკურსში, უმაღლესი განათლება მიღებული უნდა ჰქონდეს ბიზნესის, ფინანსების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ვაჭრობისა და ურთიერთობების ან მარკეტინგის სფეროში; ასევე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეკონომიკური პროფილით და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

შერჩეული კანდიდატები მუშაობას შესაბამისი სპეციფიკური გადამზადების შემდეგ შეუდგებიან და თითოეულ მათგანს მეზობელი ქვეყნების შეთავსებაც დაევალება.

კომერციული ატაშეს უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე იქნება დანიშნული პირი, რომელიც შედის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში. კომერციული ატაშეს როტაციის ვადა 3 წელი იქნება.