ქუთაისთან ახლოს სასათბურე მეურნეობებისათვის აგროზონა მოეწყობა

აგროზონის შექმნა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით იგეგმება და ინვესტიციების საერთო მოცულობა 100 მილიონ ლარს შეადგენს
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. იმერეთის რეგიონში სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით სპეციალური აგროზონა შეიქმნება, მთავრობის სხდომაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებისა და მსოფლიო ბაზრების ქართული პროდუქციით დაინტერესების ზრდის ფონზე სოფლის მეურნეობისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. 

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. მას სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს და ის იმერეთში სპეციალური აგროზონის შექმნას გულისხმობს, სადაც საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ქართული ბოსტნეულის ჩირი ექსპორტზე გავა

მისი თქმით, აგროზონა შეუწყობს ხელს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და მაღალი სტანდარტების ბაზრებზე მის ექსპორტს საჭირო მოცულობით.

„ეს გულისხმობს როგორც სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობას“, — განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმერეთში კოპიტნარის აეროდრომის მახლობლად ლოგისტიკური ცენტრი აშენდება.

„იმერეთის აგროზონის და ლოგისტიკური ცენტრის ერთობლიობა ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს იმერეთის განვითარებას და ეს იქნება, როგორც მეწარმეების წახალისებისთვის, ასევე ადგილზე სოციალური სურათის მნიშვნელოვანი შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, კოპიტნარის აეროდრომთან სასაწყობე მეურნეობა და სატვირთო ტერმინალი აშენდება.

ხორცის ექსპორტი 2017 წელს საქართველოდან შვიდჯერ გაიზარდა

„დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც რეალურად მოთხოვნა არსებობს ევროკავშირის ბაზარზე, საჭიროა უბრალოდ დიდი რაოდენობით და მაღალი, უნიფიცირებული სტანდარტის პროდუქციის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. დღეს არსებული კერძო სექტორი, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ხდება წარმოება, ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ კერძო სექტორს და როგორც მოცულობის, ისე ხარისხის კუთხით დავაწესოთ მაღალი სტანდარტი, რომ იმერული პროდუქტი, კონკრეტულად საუბარია მწვანილზე და ასევე სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, იმ რაოდენობით და იმ ხარისხით იყოს წარმოებული, რა რაოდენობა და ხარისხიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, სტაბილური მიწოდება უზრუნველვყოთ ევროკავშირის ბაზარზე“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) შესახებ  საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ბრიუსელში 2014 წელს გაფორმდა. დოკუმენტი მოიცავს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის მოგვარებას.