პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩაბმაზე კანონი გამკაცრდება

ცვლილებების პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვანის წაქეზება და არაძალადობრივი მეთოდებით მისი პროსტიტუციაში ჩაბმაც.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა სისხლისსამართლებრივი სანქციების გამკაცრების პროექტს არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩაბმის თავიდან ასაცილებლად, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, ე.წ. „სუტენიორობისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება, ხოლო არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმისათვის სისხლისსამართლებრივი სანქციები გამკაცრდება.

სასჯელი კანონის დამრღვევ არასრულწლოვანთა მეოთხედმა მოიხადა

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე დასჯადობას, თუ ეს კეთდება ძალადობით. ახალი ცვლილებების პროექტით კი სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვანის წაქეზება და არაძალადობრივი მეთოდებით მისი პროსტიტუციაში ჩაბმაც.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით სამართალდამცველ უწყებებს სათანადოდ ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმი არ აქვთ იმისთვის, რათა იმოქმედონ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით ხელს უწყობენ პირის, მათ შორის, ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას", — ნათქვამია განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსში შევა ახალი მუხლი — პროსტიტუციის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს როგორც პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას, რაც აქამდეც არსებობდა, ისე პირის დაყოლიებას პროსტიტუციაზე ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის მონაწილეობას პროსტიტუციაში.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში და არასრულწლოვანის მიმართ, პასუხისმგებლობა მძიმდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

საკანონმდებლო ცვლილება მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა.

რამდენიმე დღის წინ „აჭარის ტელევიზიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბათუმში 25 არასრულწლოვანი პროსტიტუციაშია ჩართული. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.