საქართველოში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება

2017 წელს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი 72,5% იყო.
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოში საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მალე გაამკაცრებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ხუთშაბათს წარმოადგინა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე.

2017 წელს საქართველოში ოჯახური ძალადობის 2,1 ათასზე მეტი ფაქტი დარეგისტრირდა, რაც 58%-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.

შვილებზე ძალადობა: მშობლები ბრალს არ აღიარებენ

„ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯია შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული. ახლა კი ჩვენ ვაკონკრეტებთ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო კამპანია, რათა საზოგადოების ინფორმირებულობა პრობლემის შესახებ ადრეული ასაკიდან დაიწყოს.

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი 2017 წელს 72,5% იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დარეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მასიური კამპანიით, რამაც გაზარდა სამართალდამცველ ორგანოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი, მეორე მხრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად იწყება გამოძიება.

იანვრის ბოლოს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მოვალეობებშიც შედის ოჯახურ, ქალის მიმართ ძალადობასთან, ტრეფიკინგთან, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებული საქმისწარმოების მონიტორინგი.

გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ" („სტამბულის კონვენცია"). დოკუმენტი ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას, ასევე ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა მომზადებას.