საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

უამინდობამ საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე პრობლემები შექმნა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 მარტს

„მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად მლეთა–გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება.

აკრძალვებია დაწესებული წესი–ურავის საავტომობილო გზაზეც, სადაც 4-5 კმ მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.