„ქარვასლაში" შალვა ძნელაძის საიუბილეო გამოფენა იხსნება

XX საუკუნის ცნობილი მხატვრის შალვა ძნელაძის გამოფენა 5 მარტს იხსნება.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებლებს იწვევს ცნობილი ქართველი ავანგარდისტი ფერმწერის შალვა ძნელაძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, რომელიც ორშაბათს, 5 მარტს გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა") გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 125 ნამუშევარი მუზეუმის ფონდიდან და კერძო კოლექციებიდან. მათ შორისაა ილუსტრაციები სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებისთვის: „კაცია ადამიანი?!", „ჩხიკვთა ქორწილი", „ჯანყი გურიაში" და სხვ.

„გამოფენაზე შედგება შალვა ძნელაძის წიგნი–ალბომის პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დრო და მემკვიდრეობა" საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ავტორები – ირინე აბესაძე, დეა გუნია", — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

ქართველი მხატვრის ნამუშევრები პირველად მოხვდა Google-ის გალერეაში

შალვა ძნელაძე (1892-1934) XX საუკუნის 20-იანი წლების ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას კარგად იცნობდნენ ქართული ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენლები – ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. წლების განმავლობაში მისი შემოქმედება, ფაქტობრივად, დავიწყებას მიეცა. 1970 წლის შემდეგ მხატვრის ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინება.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი მძიმე ავადმყოფობის გამო 42 წლისა გარდაიცვალა, დატოვა საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა – 2000-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ასევე თეატრის მხატვრობის ნიმუშები, რომელთა დიდი ნაწილი (დაახლოებით 700-მდე ექსპონატი) დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებში.

მხატვრის ნამუშევრები და საარქივო მასალა ასევე ინახება ნ. ბერძენიშვილის სახელობის ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

გამოფენა 5 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება და 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „ქარვასლის" მისამართია — სიონის ქუჩა 8.