ისრაელში საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმდებიან

ისრაელში საქართველოს ელჩმა ორ ქვეყანას შორის „შრომითი მიგრაციის ხელშეკრულების" მომზადებაზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შედეგზე ორიენტირებული საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავებაა, განაცხადა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ გაზეთ „ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი 2014 წლის მაისიდან მოქმედებს. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ სამი წლის განმავლობაში ისრაელი საქართველოს 70 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოინახულა. 2016 წლის განმავლობაში ისრაელში ლეგალურად შევიდა საქართველოს 18 ათასი მოქალაქე, ქვეყანაში არ შეუშვეს 4 ათასამდე, ხოლო დეპორტაციას დაექვემდებარა 300-ზე მეტი ქართველი. გარდა ამისა, 2016 წელს ქვეყანაში თავშესაფარი 3970-მა ქართველმა მოითხოვა.

ანაკლიაში შესაძლოა ისრაელის საწარმოები გაჩნდეს

„აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ე.წ. „შრომითი მიგრაციის ხელშეკრულებისთვის" მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს — 2016 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა შექმნილმა პრობლემებმა 2016 წელს ხელი შეუშალა აღნიშნული საკითხის შედეგიან დასრულებას", — განაცხადა კალანდაძემ.

დიპლომატის სიტყვებით, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 27 თებერვალს ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, შემუშავდა ერთიანი პროგრამა, რითიც ისრაელის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფ ქართველებს საშუალება მიეცათ სამშობლოში ღირსეულად და ნებაყოფლობით, დეპორტაციისა და დაკავების გარეშე დაბრუნდნენ, ამასთან, ისრაელში შესვლაზე ათწლიანი აკრძალვის ნაცვლად მათ ერთი წლის ვადით მიიღეს შეზღუდვა.

„სიტუაცია 2017 წლის მეორე ნახევარში დასტაბილურდა. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ პარალელურად ვიმუშავებთ მიგრაციული პოლიტიკის სტანდარტების შემუშავებაზე, რათა შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მივაღწიოთ", — განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას კალანდაძემ წარმატებული ერთობლივი საინვესტიციო პროექტები აღნიშნა, კერძოდ, საერთაშორისო კომპანია Elbit-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი თვითმფრინავების დეტალების დამამზადებელი ქარხნის განთავსებას, როგორიცაა Boing-ი და Airbus-ი.

ნეთანიაჰუ დაპირებას ასრულებს: ისრაელმა არალეგალების დეპორტაციის პროცედურა დაიწყო

„სწორად ახლა ქართველი სპეციალისტები ისრაელში გადამზადებას გადიან იმისთვის, რათა მომავალში აღნიშნულ ქარხანაში დასაქმდნენ", — განაცხადა კალანდაძემ.

საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობების პატივისცემის ნიშნად 2017 წელი ქართული კულტურისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებებით იყო დატვირთული.

„ისრაელში გასტროლი გამართეს ანსამბლებმა „სუხიშვილები" და „ერისიონი", ქალაქ ბერ-შევას სტუმრობდა თუმანიშვილის თეატრი, რომელმაც წარმოადგინა სპექტაკლი "მეფე ლირი", გაიმართა ქართველი მწერლების ვიზიტები, შოთა რუსთაველის 850-ე იუბილესადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება", — აღნიშნა კალანდაძემ.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 12 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებსა და ფორმატებში.