ელექტრომობილების ან ჰიბრიდული ავტომობილების ტაქსის მძღოლებს შეღავათები ექნებათ

ელექტრომობილების ტაქსის მძღოლები უფასოდ დარეგისტრირდებიან
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისის მერია ტაქსის მძღოლების რეგისტრაციისას გარკვეულ შეღავათებს აწესებს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც მგზავრებს ჰიბრიდული მანქანებით ან ელექტრომობილებით მოემსახურებიან, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

თბილისში ტაქსისტები უნებართვოდ მუშაობისთვის დაჯარიმდებიან

იმის შესახებ, რომ ტაქსის რეგისტრაცია და მძღოლის ნებართვა სავალდებულო გახდებოდა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა. მერიაში აღნიშნავენ, რომ ტაქსის მძღოლად მუშაობის ნებართვის საფასური ერთჯერადი და მინიმალური იქნება. ამას გარდა, მერია მუშაობს იმაზე, რომ ნებართვის აღება ონლაინ-რეჟიმში გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვით, ტაქსის რეგისტრაცია ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილებისთვის — 50%-იანი შეღავათით", — განაცხადა ბითაძემ.

წინა კვირაში საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა შესწორებების პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, ტაქსის მძღოლს 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს ნებართვის გარეშე, ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანს.