უკანონო იარაღი საქართველოში - დაკავებულია ცხრა ადამიანი

გასულ კვირაში პოლიციელებმა კალაშნიკოვის ავტომატი, გადაჭრილი თოფი, მაყუჩიანი პისტოლეტი და სხვა იარაღი ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ბოლო კვირაში საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ცეხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხრა ადამიანი დააკავეს, მათ შორის თურქეთის ერთი მოქალაქე, განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

რეციდივისტები რუსთავში იარაღითა და ნიღბებით გადაადგილდებოდნენ

თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში სამართალდამცველებმა ამოიღეს კალაშნიკოვისა და Browning-ის სისტემის ოთხი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი გადაჭრილი თოფი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, სხვადასხვა სახის იარაღის 320 საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.

ამასთან, ჭელიძის თქმით, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის, ზუგდიდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ნებაყოფლობით ჩააბარა „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თითო პისტოლეტი და გადაჭრილი თოფი, ორი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ორი ხელყუმბარა, ორი ასაფეთქებელი, სამი მჭიდი და 272 საბრძოლო ვაზნა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელმაც იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლიბისგან თავისუფლდება.