მესტიაში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესების მშენებლობა სვანეთს საფრთხეს უქმნის.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მესტიის ცენტრში  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციაზე, რომელიც სეტის მოედანთან მიმდინარეობს, შეკრებილია სვანეთის ყველა თემის წარმომადგენელი.

აქციის მონაწილეები ჰესების მშენებლობების შეჩერებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, ჰესები სვანეთს ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს.

მდინარე ენგურზე ხუდონ ჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია

დღევანდელ აქციას ასევე  შეუერთდნენ ეკოლოგიურ თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და კახეთის რეგიონის წარმომადგენლები.

აქციაზე მომიტინგეებმა მიმართვა მიიღეს. ადგილობრივები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და ყველა ინსტიტუციას მიმართავენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება ხუდონ ჰესის, ნენსკრა ჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები. კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუსაოების ჩატარების აკრძალვას“, — აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

მესტიაში „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გასული წლის დეკემბერშიც გაიმართა. აქციაზე ჰესების მშენებლობასა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოებას აპროტესტებდნენ.„მესტიაჭალა 1" და „მესტიაჭალა 2" ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო" აწარმოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ დოლარს შეადგენს.