გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მსჯავრდებულის სკანდალური განცხადების შემდეგ, რომელიც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალეულობაზე მიუთითებს
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2001 წელს ჩადენილი ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე დაიწყო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სანაიას მკვლელობის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 18 თებერვალს ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში მსჯავრდებულმა კოტე ციხისთავმა განაცხადა, რომ ეს დანაშაული პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ძველი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი. მან ასევე განაცხადა, რომ სანაია მოკლა არა გრიგოლ ხურცილავამ, რომელმაც 10-წლიანი პატიმრობა მოიხადა, არამედ შოთა ჭიჭიაშვილმა, რომელიც 2000-ინ წლებში მრავალ დანაშაულში ამხილეს.

თბილისში ინტერპოლის მიერ ძებნილი ზაზა ბაქრაძე დააკავეს

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, 2001 წლის 26 ივლისს მომხდარი ჟურნალისტ  გ.ს-ს მკვლელობის ფაქტზე  გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა)“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურამ შეისწავლა პირველადი ინფორმაცია, გაესაუბრა მსჯავრდებულ ციხისთავს, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებს.

„გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

სანაია მოკლული 2001 წლის 26 ივნისს მის ბინაში ნახეს. ამას მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოყვა. ოთხ თვეში პოლიციამ ამ დანაშაულის ჩამდენი ბრალდებული პირი — შსს-ს დაცვის ყოფილი თანამშრომელი 32 წლის გრიგოლ ხურცილავა დააკავა.

საქმის გამოძიება ორი წელი მიმდინარეობდა. 2003 წლის ივლისში სასამართლომ ხურცილავა დამნაშავედ ცნო და მას 13 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ხურცილავამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.